ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო სურათი რადიკალურად შეცვალა. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო საშუალებებზე საზოგადოებისა და ბიზნესის მზარდი დამოკიდებულების, ელ.სერვისების ფართომასშტაბიანი დანერგვისა და ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლის კვალდაკვალ, იზრდება ტექნოლოგიებიდან მომდინარე რისკები, საფრთხეები და ინციდენტები. სოციალური ურთიერთობებისთვის ფიზიკურის პარალელურად, ციფრულმა ტრანსფორმაციამ შექმნა ახალი ვირტუალური კიბერსამყარო. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მესამედს აქვს ინტერნეტზე წვდომა და მონაწილეობს ვირტუალური სფეროს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა აქტივობებში. კიბერსფეროს ევოლუციამ ხელი შეუწყო ტრანსნაციონალური ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების გამარტივებას, გააქტიურებას და ამავდროულად გააჩინა ახალი შესაძლებლობები კანონსაწინააღმდეგო, არალეგალური აქტივობებისთვის.
ციფრული რევოლუციის თანმდევი შედეგია კიბერუსაფრთხოება და მისი უზრუნველყოფა 21-ე საუკუნის სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.
კიბერუსაფრთხოება სწრაფად განვითარებადი და მზარდი სფეროა, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს გლობალური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, მსოფლიო ეკონომიკისა და საზოგადოების ფორმირებაში, ადმინისტრირებასა და მართვაში. პრაქტიკულად, აღარ არსებობს სოციალურ-ეკონომიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის არცერთი დარგი, საჯარო თუ კერძო სექტორი, რომელიც არ არის მოწყვლადი კიბერსაფრთხეებთან მიმართებით.
კიბერსივრცე დანაშაულებრივი ქმედებების ჩასადენად საკმაოდ ხელსაყრელი გარემოა. ხშირ შემთხვევაში, ტექნოლოგიური ინოვაციები, დანაშაულის დისტანციურად და ფარულად ჩადენის შესაძლებლობა, მტკიცებულებათა ცვალებადობა, დამნაშავეთა იდენტიფიცირების სირთულეები და იურისდიქციასთან დაკავშირებული პრობლემები კრიმინალებისთვის ხელსაყრელი ფაქტორებია, რათა ინტერნეტსივრცე არაკანონიერი გზით გამოიყენონ. ძნელად მოიძებნება ეროვნული ან საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტები, საფრთხეების პოლიტიკის ანალიტიკური კვლევები, რომლებშიც კიბერსაფრთხეებისა და კიბერდანაშაულის გაზრდილ გამოწვევებსა და მნიშვნელოვნად მზარდ ტენდენციებზე არ იყოს ყურადღება გამახვილებული. გლობალურად ჩადენილი დანაშაულების 80-90%-ს კიბერდანაშაულის ელემენტები აქვს. „კიბერ“ ელემენტი თითქმის ყველა კატეგორიის დანაშაულის შემადგენელი ნაწილი ხდება. ინტერნეტსივრცე, ტექნოლოგიური გარემო, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებას (მაგ: თაღლითობა; საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები; არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის დარღვევები და დანაშაულები; ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ინტერნეტის გამოყენებით და ა.შ.) და წარმოადგენს დანაშაულის ჩადენისთვის დამხმარე საშუალებას. მეორე მხრივ, ვიწრო, „კლასიკური გაგებით“, გვხვდება კომპიუტერული მონაცემებისა და სისტემების კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობისა და მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.
კიბერუსაფრთხოება თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში, კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, კორპორაციული პირებისა და ცალკე ინდივიდებისთვის. თანამედროვე ადამიანისთვის კი, მისი მოღვაწეობის ინტერესებისა თუ საქმიანობის სტილის მიუხედავად, ციფრულ სამყაროსთან ადაპტირება და შესაბამისი კიბერჩვევების გაუმჯობესება სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარს წარმოადგენს. კიბერინციდენტების რიცხვის ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოების წევრთა ცნობიერების ამაღლების საკითხი, კიბერკულტურის განვითარება და კიბერსივრცეში არსებულ საფრთხეებთან გამკლავების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვა. ეს ყოველივე კიბერუსაფრთხო გარემოს მდგრადობას უზრუნველყოფს.
ადამიანური ფაქტორი მნიშვნელოვანი რისკია ციფრულ სამყაროში. როგორც საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, ყველაზე მეტი კიბერინციდენტი მსოფლიოში სწორედ ადამიანური რესურსის გამოყენებით ხორციელდება. მათ მიერ რისკებისა და საფრთხეების არასათანადო შეფასების, ცოდნისა და ცნობიერების სიმწირის ან/და განზრახ მიმართული არასანქცირებული ქმედებების შედეგად. დღესდღეობით ადამიანური შეცდომებით გამოწვეული კიბერინციდენტები მნიშვნელოვნად აღემატება კიბერშეტევათა რიცხვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიბერსივრცის უსაფრთხოება და დაცულობა მხოლოდ კიბერსაფრთხეებისა და რისკების შესახებ სამიზნე აუდიტორიის დროული ინფორმირებით მიიღწევა, მათ მიერ რისკების სათანადოდ გაცნობიერების, პრევენციული და სხვა სახის თავდაცვითი ღონისძიებების გატარების საშუალებით.
კიბერუსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, ყველა აქტორის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა. თითოეული ვალდებულია იზრუნოს, მიიღოს ინფორმაცია საფრთხეებისა და რისკების შესახებ, შეისწავლოს და გამოიყენოს პრევენციისა და თავდაცვის წესები, რათა სათანადოდ გაუმკლავდნენ კიბერინციდენტებს მომხმარებლის დონეზე. სამართალდამცავ და კიბერუსაფრთხოებაზე უფლებამოსილ სტრუქტურებს კი მხოლოდ შესაბამისი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.
შესაბამისად, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფორმაციული საზოგადოების კიბერკულტურის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, მათი განათლებისა და გადამზადების საკითხებს. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე დასაქმებული პირების კიბერშესაძლებლობების განვითარება ცნობიერების ამაღლების გზით, რადგან საჯარო სექტორში არსებული/დაცული მონაცემების კომპრომეტირებამ, საჯარო უწყებებზე მიმართულმა ინფორმაციულმა და კიბერშეტევამ შესაძლოა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, თავდაცვისუნარიანობასა და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონიოს.
კიბერშესაძლებლობების განვითარებისკენ მიმართული ეს კურსი კიბერსივრცეში უსაფრთხოდ ოპერირებისთვის აუცილებელ ცოდნას მნიშვნელოვანი მიმართულებებით გადმოსცემს, კერძოდ: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ინფორმაციული უსაფრთხოება და აქტივების მართვა, პერსონალური მონაცემების დაცვა კიბერსივრცეში, ინტერნეტი და მისი უსაფრთხოდ გამოყენება, ელექტრონული ფოსტის უსაფრთხოება, პერსონალური კომპიუტერის უსაფრთხოება, მობილური მოწყობილობის უსაფრთხოება, უსადენო ქსელების უსაფრთხოდ სარგებლობა, პაროლების უსაფრთხოება და მართვა, სოციალური ქსელების უსაფრთხოდ სარგებლობა, ინფორმაციული წიგნიერება, არჩევნები და კიბერუსაფრთხოება.